Wednesday, December 16, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია რესურსი: „არ გათეთრდება ყორანი“ ილია ჭავჭავაძე

კომპლექსური დავალების ბარათი სამოქალაქო განათლებაში  - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია

რესურსი:  „არ გათეთრდება ყორანი“   ილია ჭავჭავაძე


სამიზნე ცნება - პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია

შედეგები: 1, 2, 3, 4;

საკითხი - ინდივიდი და საზოგადოება

ქვეცნებები - პიროვნება; საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოება;

საკვანძო შეკითხვა:

საზოგადოებაში არსებულ რომელ პრობლემაზე მსჯელობს ილია ჭავჭავაძე?

როგორ გესახებათ პრობლემის გადაჭრის გზები?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ არგუმენტირებული ესე  თემაზე საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

·         ილია ჭავჭავაძის წერილში განხილული პრობლემის არსი;

·         პრობლემის გადაჭრის გზები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

·         შექმენი ასოციაციური რუკა სადაც გადმოსცემ ილია ჭავჭავაძის წერილში განხილული პრობლემის არსს;

·         შეავსე ცხრილი თემაზე: პრობლემის გადაჭრის გზები

წ                             წაიკითხე რესურსი და წერილობით უპასუხე შეკითხვებს:

როგორ ფიქრობ, როგორ ადამიანზე ამბობს ავტორი: „დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯერ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ“?

როგორ ფიქრობ რას გულისხმობს ავტორი როდესაც ამბობს: „მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო“?

როგორ გესმის ფრაზა: „საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო“?

ვიზე ამბობს ავტორი: „მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა“.

როგორ ფიქრობ რომელ პრობლემაზე წუხს ავტორი წერილში?

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

·                     გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.

·                     კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.

·                     დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.

·                     გააცანით მოსწავლეებს რესურსი.

·                     საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები   ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.

·                     თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.

·                     კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

·                     იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შესახებ;


„არ გათეთრდება ყორანი“   ილია ჭავჭავაძე

* *

არის ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგანაც საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერ მთლად, ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალგვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის. აქ ამისთანა საგანზედ ბევრი საბუთი აქვს კაცს გააბას საუბარი, თავისიც სთქვას და სხვასაც მისი ათქმევინოს. ხოლო ქვეყნიერობაზედ ბევრი იმისთანა საგნებიც არის, რომელთ ვითარებაც ცხადია, როგორც ორჯერ ორიოთხი. აქ საუბარის გაბმა და ერთმანეთთან ლაპარაკი, საგნის ვითარების გადატრიალ-გადმოტრიალება, წაღმა-უკუღმად თრევა და წეწვა, მეტი ბარგია. ამისთანაებზე ლაპარაკი სულგრძელობაა იმის მხრით, ვინც იძულებულია ეჩიჩინოს მეორეს, რომ ორჯერ ორი ოთხიაო, და იმის მხრით-კი, ვინც ამ ჩიჩინისათვის ვისმე იძულებულ ჰყოფს, მეტისმეტი სიბრიყვეა და გონების დახშულობა.

მაგრამ რას იზამ, რომ დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯერ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ. ზოგს ეს გაქირი დაბადებითვე აქვს თითქო დაყოლილი და ზნედ გადაჰქცევია, ზოგმა-კი გაქირი განგებ იცის, იმიტომ რომ სარფაა, გაქირს გამორჩომაც მოსდევს, და სარფა და გამორჩომა ხომ დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულია. ამ უკანასკნელის ჯურის გაქირები მეტისმეტად გამრავლდნენ და ფეხს ისე არ გადასდგამს კაცი ჩვენში, რომ მთელს ამისთანა ჯგუფს არ წამოჰკრას.

აბა იმაზედ ცხადი და უცილობელი რა არის, რომ მოსამართლეს მოჩივარის ენა უნდა უსათუოდ ესმოდეს, იმიტომ რომ თავის ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია და, რადგანაც მართალია, უფრო შეუცდომელს საბუთს აძლევს შეუცდომელის განკითხვისა და განაჩენისათვის. მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთის ენა არ იციან, ერთმანეთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა. ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანეთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეყრა სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო.

ჩვენში დიდი ხანია ნათქვამი, რომსაცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო“. აბა ჭკვათამყოფელმა კაცმა ამ უბრალოს და მარტივად თქმულს ჭეშმარიტებას საიდამაც ჰნებავს მოუაროს, თუ ერთი იოტის ოდენა იმისთანა რამ უპოვოს, რომ იმ ნაპოვნის მეოხებით ამ ჭეშ-მარიტებას მცირეოდენი ჩრდილი უარყოფისა ჭკვაზედ ხელაუღებლად მიაყენოს. ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდა, რომ მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა, და თუ მთქმელს და გამგონს ერთმანეთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე არც განკითხვაა და არც სამართალი.

„Новое Обозрение“- თავის მეთაურს წერილებში საჭიროდ დაინახა ზოგიერთ პუბლიცისტისათვის ყურებიდამ ბამბა გამოეცალა და ეს ორჯერ ორიოთხი როგორმე ჩაეწვეთნა. თქვენც არ მომიკვდეთ, დაიწყეს ბღავილი უპატრონო ძროხასავით იმ ზოგიერთებმა: ვის გაუგონია, რომ მთქმელს გამგონი უნდაო, და თუ უნდა, მთქმელმა ისწავლოს გამგონის ენაო. ჩვენო ჭკუის კოლოფნო ბატონებოო, უპასუხა „Новое Обозрение“-: — მთქმელნი ათასნი და ათი ათასნი არიან და გამგონები-კი თითო-ოროლა, და თუ სწავლაა, ამ თითო-ოროლას სწავლება უფრო ადვილი არ არის, ვიდრე ათასებისა და ათი ათასებისაო; სამართალი იმისთანა რამ არის ადამიანისათვის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს, და თუ სამარათალი ორს კურდღელს გამოუდგა, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.

გაიბა ამაზედ ლაპარაკი და ჩვენ მარტო სულგრძელება „Новое Обозрение“-სი გვიკვირდა, რომ ცერცვს კედელს ამაოდ აყრიდა. რაკი „Кавказ“-ის პუბლიცისტებმა არ იმორცხვეს და კაცთა ნათესაობას ტანისამოსით არჩევენ, რაკი ქვეყნის სასაცილოდ თავმოწონებით გამოაცხადეს, რომ ჩვენ ნუ გვეხუმრებით, ამიერკავკასიის ავკარგიანობა ზედმიწევნით გვისწავლია იმისთანა ავტორიტეტებისაგან, როგორც ლაქიები და მზარეულები არიანო, — აბა ამის შემდეგ როგორღა გაუყადრა თავი „Новое Обозрение“- და არ მოერიდა იმათთან ლაპარაკსა. ნუთუ „Новое Обозрение“- დაჰვიწყებია, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა. ან რა საჭიროა? რწმენასთან რომ ჰქონდეს კაცს საქმე, კიდევ ჰო, მაშინ თქმასა და ლაპარაკს საბუთი აქვს, ჩააგონებ რასმე, დააჯერებ რასმე. აქ ხომ სულ სხვა მიზეზი იღვწის და ჰმოქმედობს. აბა ერთი სხვა ალალმა დაჰქროლოს ამ უარმყოფელ ვაჟბატონებს, თუ სულ სხვა ჰანგზედ არ დაიწყონ გალობა და სულ სხვანაირად არ ჩაჰბუქნონ. არიან ქვეყანაზედ იმისთანა ჯურის ფალავნები, რომ რასაც დღეს მოსაკლავად სდევენ, იმას ხვალ ფეხქვეშ გაეშლებიან ფიანდაზად, და რა გულმოდგინებითაც ეხლა სდევნიან სამტროდ, ხვალ იმავ გულმოდგინებით გალობას ეტყვიან:

უი შენ-კი ჩაგეგრიხე

უსურვაზის წნელივითაო.                                             

 


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...