Wednesday, December 2, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხი: აფრიკის სავანები და უდაბნოები

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

 საკითხი: აფრიკის სავანები და უდაბნოები


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და გეოგრაფიული ანალიზი; გეოგრაფიული გარსი; გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული პროცესი.

შედეგები: გეო. საბ 1, 2, 3, 4,  5.

 

საკითხი -  აფრიკის სავანები  და უდაბნოები

ქვეცნებები - სავანა, უდაბნო, დაცული ტერიტორია, ნაკრძალი;

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვლინდება გეოგრაფიული გარსის სფეროების ურთიერთდამოკიდებულება და მთლიანობა სერენგეტისა დაცული ტერიტორიების მაგალითზე?

კომპლექსური დავალების პირობა

 წარმოიდგინეთ რომ, ზაფხულის არდადეგების დროს ოჯახის წევრებთან ერთად ტურისტული მიზნით იმყოფებოდით აფრიკაში, კერძოდ, ტანზანიასა და ნიგერიაში, სადაც სერენგეტის დაცულ ტერიტორიას ეწვიეთ. თქვენ გაგაოცათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა სავანამ და ცხელმა ქვიშიანმა უდაბნომ. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტეთ, ამ საკითხებზე power point პრეზენტაცია მოამზადოთ და მეგობრებს გაუზიაროთ.

თქვენ მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინეთ:

გეოგრაფიული გარსის სფეროების ურთიერთდამოკიდებულება და მთლიანობა სერენგეტისა და ტენერეს დაცული ტერიტორიების მაგალითზე;

სავანებისა და უდაბნოების ცალკეულ კომპონენტებს შორის მსგავსება-განსხვავება;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

ცხრილის სახით გადმოეცით თქვენი არგუმენტები, როგორ ვლინდება გეოგრაფიული გარსის სფეროების ურთიერთდამოკიდებულება და მთლიანობა სერენგეტისა და ტენერეს დაცული ტერიტორიების მაგალითზე;

ვენის დიაგრამის გამოყენებით წარმოაჩინეთ სავანებისა და უდაბნოების ცალკეულ კომპონენტებს შორის მსგავსება-განსხვავება;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

 


ბუნებრივი ზონა ეწოდება გეოგრაფიული გარსის შედარებით დიდ დანაყოფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტემპერატურული პირობების, ტენიანობის, ნიადაგების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ერთიანობა. თითოეული ზონისთვის დამახასიათებელია ლანდშაფტის განსაკუთრებული ტიპი. იგი ხასიათდება ტენიანობის, ჩამონადენის, მცენარეთა ვეგეტაციის თავისებური რიტმიკით, ეგზოგენური გეომორფოლოგიური პროცესების განსაზღვრული შეხამებით. ბუნებრივ ზონებს არ აქვთ აშკარად გამოხატიული საზღვრები, ისინი ერთიმეორეში თანდათანობით გადადიან.

მცენარეულობა, ყველაზე ნათლად გამოხატავს ბუნებრივი ზონის უმნიშვნელოვანეს თავისებურებებს, კომპონენტებს შორის ურთიერთკაშირს. ამიტომ, ბუნებრივი ზონების უმეტესობის სახელი ტრადიციულად მოცემულია იმ მცენარეულობის ტიპების მიხედვით, რომლებიც ამ ზონაშია გაბატონებული.

ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში ჰავა კონტინენტურია. ჰაერის ტემპერატურის რყევის ამპლიტუდა დიდია, წლიურად მოსული ნალექების რაოდენობა კი ძალიან მცირე. აღნიშნული პირობების გამო ნახევარუდაბნოებისა და უდაბნოების ზონის მეტად დიდ ნაწილზე ზედაპირული წყლები საერთოდ არ არის. დანარჩენი ტერიტორიები კი ამ მხრივ ძალიან ღარიბია. ნიადაგები და ორგანული სამყარო სუსტადაა განვითარებული. მცენარეულობა კი ერთიან, შეკრულ საფარს ვერ ქმნის. ბალახეულიდან აღსანიშნავია ქვიშის ისლი, აბზინდა, ნაცარქათამა და სხვა. თითქმის ყველა მცენარე შეგუებულია მშრალ გარემოს. ტენის მოსაპოვებლად ისინი ივითარებენ გრძელ და მძლავრ ფესვთა სისტემას.

წყლის ნაკლები აორთქლების მიზნით ბევრ მათგანს ფოთლების ნაცვლად ეკლები აქვს განვითარებული ან დაფარულია ცვილისებრი მბრწყინავი ნაფიფქტით. ზოგიერთი მცენარე წყალს იმარაგებს. ზონის მხოლოდ გრუნტის წყლებით მდიდარ უბნებში-ოაზისებში, იზრდება ძირითადად პალმები და აკაციები, მდინარეთა ჭალებში კი ხეივნური ტიპის ტყეები. ნახევარუდაბნოებისა და უდაბნოების ცხოველთა სამყაროც არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით სასიცოცხლო პირობების შეზღუდულობის გამო. ზონის ჩლიქოსანი ცხოველებიდან აღსანიშნავია ჯეირანი, ანტილოპა, ვირი, აქლემი; მღრღნელებიდან თრია, კურდღელი, მექვიშია; ფრინველებიდან ტიპურია საქსაულის ჩხიკვი, სავათი(გარეული ინდაური), ტოროლა, ქორი და სხვა. ზონა მეტად მდიდარია ქვეწარმავლებით და მწერებით. საკმაოდ ბევრია გეკონები, მრგვალთავა, გოლიათი ხვლიკი ვარანი(სიგრძით1.5 მ-მდე), კუ, მორიელი, ტერმიტები და სხვა. გველებიდან აღსანიშნაია მახრჩობელა, ხალებიანი მცურავი, შხამიანი ეფა. ცხოველთა დიდი ნაწილი შეგუებულია გარემოს. დღისით ისინი სოროებშია, ღამით კი გამოდიან სანადიროდ. ზოგიერთი მათგანი ზაფხულის ძილქუშს ეძლევა. ისინი შედარებით ადვილად იტანენ წყლის ნაკლებობას. მაგალითად, აქლემი საკმაოდ დიდხანს ძლებს უწყლოდ. ზოგერთი მტაცებელი ფრინველი თავისი მსხვერპლის სისხლით კმაყოფილდება და წყალს საერთოდ არ სვამს.

სავანებისა და ნათელი(მეჩხერი) ტყეების ზონა ფართოდაა წარმოდგენილი აფრიკაში, სადაც მის მიერ დაკავებული ფართობი აღნიშნული კონტინენტის ფართობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. სავანებისა და ნათელი ტყეების ზონის ჰავა ცხელია. ეკვატორიდან დაშორებასთან ერთად ტენიანი სეზონის ხანგრძლივობა 8-9 თვიდან 2-3 თვემდე კლებულობს. ამავე მიმართულებით წლიური ნალექების ჯამი დაახლოებით 2000 მმ-დან 250 მმ-მდე მცირდება. ზაფხული შედარებით ნალექიანია, ზამთარი-მშრალი და გვალვიანი. გვალვა ზოგან 200-250 დღესაც კი გრძელდება. სავანებისა და ნათელი ტყეების ზონაში გავრცელებულია ნიადაგის ფართო სპექტრი. მცენარეულობაში ქსეროფილური (სიმშრალის მოყვარული) მარცვლოვანი და ნაირბალახები ჭარბობს. იზრდება აგრეთვე სიმშრალის მოყვარული ხემცენარეები და ნათელი ტყეები. ხეებიდან დამახასიათებელია ბაობაბი, აკაცია, პალმები, ბოთლა ხე და სხვა. მათ უმრავლესობას მშრალ სეზონში ფოთლები სცვივა. ბალახეული საფარი ამ დროს გადახრუკულია. აღნიშნული ზონა ცხოველებით მეტად მდიდარია. ბუნებრივი პირობების შესატყვისად ჭარბობს ბალახისმჭამელი და მტაცებელი ცხოველები. კერძოდ, ანტილოპა, კანა, კუდუ, გნუ, ზებრა, ჟირაფი, ქურციკი, მარტორქა, კამეჩი, სპილო, ლომი, გეპარდი, პუმა, დიდი ჭიანჭველაჭამია, მყრალა, ჯავშნოსნები და მრავალი სხვა. ზოგიერთი მათგანი გვალვიან სეზონში საკვების ძიებასთან დაკავშირებით ბევრს მოგზაურობს. აღსანიშნავია ყანჩა, მარაბუ. მრავლადაა ნიანგი, ქვეწარმავალი, მწერი და სხვა. ზონის ლანდშაფტი ძლიერაა შეცვლილი ადამიანის სამეურნეო საქმიანობით. გაჩეხილი ტყეების, გადამწვარი სავანების და ა.შ. ადგილებზე მოჰყავთ მარცვლოვანი და ბოლქვიანი კულტურები, ბამბა, ჯუთი, არაქისი, შაქრის ლერწამი და სხვა. მეცხოველეობა უმთავრესად გვალვიან არეებშია განვითარებული.

სერენგეტის ეროვნული პარკი—ეროვნული პარკი ტანზანიაში, მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 30 000კმ²-ს. პარკი ცნობილია თავის ყოველწლიური მილიონ-ნახევარი წვერებიანი გნუსა და 250 000 ზებრის მიგრაციით. მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ველური ბუნების ნაკრძალად აფრიკაში, რაც უპირველეს ყოვლისა აქ გავრცელებული მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების სიუხვითაა განპირობებული. პარკში ასევე წარმოდგენილია 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი.

პარკი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტანზანიისა და კენიის სახელმწიფო საზღვართან, სადაც კენიის მხარეს ის მასაი-მარას ეროვნული ნაკრძალით გრძელდება. პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია, დასავლეთით კი იკორონგოსა და გრუმეტის სპორტული ნადირობის ნაკრძალები. ეროვნული პარკის ტერიტოროაზე ადამიანთა დასახლება აკრძალულია, თუ არ ჩავთვლით ფრანკფურტის ზოოლოგიური საზოგადოებისა და რამდენიმე სასტუმროს თანამშრომლებს. პარკს აღწერისას როგორც წესი სამ ნაწილად ყოფენ:

სერენგეტის ვაკეები: უსასრულო, ხეებს მთლიანად მოკლებული საძოვარი, სადაც გავრცელებულია არაერთი ცხოველი—წვერებიანი გნუ (დეკემბრიდან მაისამდე), ზებრა, გაზელი, ბუფალოდა ა. შ. მცენარეულობაში თავს აფარებს პითონიც.

•დასავლეთი კორიდორი: რეგიონის ჭაობიანი სავანა. აქ არსებულ მდინარე გრუმეტიში გავრცელებულია უზარმაზარი რაოდენობის ნილოსის ნიანგი, მებრძოლი არწივი.

•ჩრდილოეთი სერენგეტი: ლანდშაფტში ჭარბობს ხე მცენარეები.    გავრცელებულია სპილო, ჟირაფი, დიკი-დიკი.

 

გამოყენებული ლიტერატურა: დ. ქოჩიაშვილი „გეოგრაფიააბიტურიენტებისთვის“


შენიშვნა: მოცემული ბარათი წარმოადგენს el.ge - საიტზე განთავსებული იგივე საკითხის კომპლექსური დავალების ბარათის განახლებულ, შესწორებულ ვერსიას.

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...