Friday, December 4, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხზე: წყნარი ოკეანე

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

საკითხზე: წყნარი ოკეანე


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი; გეოგრეაფიული მოვლენა და პროცესი; მდგრადი განვითარება;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 6, 9, 10, 11, 12, 13;

 

საკითხი - წყნარი ოკეანე

ქვეცნებები - ოკეანე, მდგრადი განითარება, ოკეანის დაბინძურება,

საკვანძო შეკითხვა:

რა ფაქტორები განაპირობებს წყნარი ოკეანის დაბინძურებას?

რა გზებით შეიძლება არსებული ვითარების გამოსწორება?

კომპლექსური დავალების პირობა

1997 წელს ჩარლზ მური, რომელიც საკუთარი იახტით შინ ბრუნდებოდა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე ნაგვის უზარმაზარ გროვას გადააწყდა. მური ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც ოკეანეში დინებების საშუალებით მთელი მსოფლიოდან მოგროვებული „ნაგვის კუნძული“ ნახა.

წაიკითხეთ რესურსი და მოამზადეთ წერილობითი მოხსენება  თემაზე: „როგორ დავიცვათ წყნარი ოკეანე“.

ნათლად წარმოაჩინეთ:

წყნარი ოკეანის დაბინძურებას განმაპირობებელი ფაქტორები;

არსებული ვითარების გამოსწორების გზები;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შეავსეთ ცხრილი თემაზე: „წყნარი ოკეანის დაბინძურებას განმაპირობებელი ფაქტორები“

შექმენით ასოცირებული რუკა თემაზე: „არსებული ვითარების გამოსწორების გზები“

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

წყნარი ოკეანე – მსოფლიოს სანაგვე

 

Bottom of Form

1997 წელს ჩარლზ მური, რომელიც საკუთარი იახტით შინ ბრუნდებოდა, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე ნაგვის უზარმაზარ გროვას გადააწყდა. მური ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც ოკეანეში დინებების საშუალებით მთელი მსოფლიოდან მოგროვებული „ნაგვის კუნძული“ ნახა.

 

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში დიდი ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი დაუსახლებელი კუნძული მდებარეობს, რომელიც უახლოესი დასახლებული ცენტრიდან 5000 კილომეტრითაა დაშორებული. ეს კუნძული ჰენდერსონია – უდიდესი პიტკერნის ოთხ კუნძულს შორის. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს იზოლირებული ნაკრძალი სრულიად ხელუხლებელი იქნება, მაგრამ ცდებით. კუნძული ჰენდერსონი, რომელიც იმდენად მოშორებულია დანარჩენი სამყაროსგან, რომ მხოლოდ მეცნიერები თუ სტუმრობენ 5-10 წელიწადში ერთხელ, დიდი უბედურების პირისპირ დგას. კუნძულის სანაპიროებზე გამორიყულია მილიონობით პლასტიკური ნარჩენი. დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ მსგავსი მასშტაბის შემთხვევა მეცნიერებს სხვაგან არსად უანახავთ.

 

კუნძულ ჰენდერსონს, მეცნიერთა შეფასებით, შეიძლება „მსოფლიოს სანაგვე“ ეწოდოს. ავსტრალიელი და ბრიტანელი სპეციალისტების განცხადებით, წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულზე პლასტიკური ნარჩენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კუნძულ ჰენდერსონზე დაახლოებით 37,7 მილიონი სხვადასხვა სახის ნაგავია – თევზსაჭერი ბადეები, პლასტმასები, კბილის ჯაგრისები, საპარსები და სხვა. მეცნიერთა განმარტებით, კუნძული ოკეანური შესართავის ცენტრში მდებარეობს და ნაგავს ახლოს მცურავი სამხრეთამერიკული გემები ტოვებენ, სანაპიროზე ნარჩენების მოგროვებას კი ტალღები უწყობს ხელს.

 

კუნძულ ჰენდერსონის პლაჟების ყოველ კვადრატულ მეტრზე 671 პლასტიკური ნარჩენია, რაც დაბინძურების სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კუნძულზე დაახლოებით 37,7 მილიონი პოლიეთილენის პარკი გდია. ხუთ ადგილზე აღებული ნიმუშების მიხედვით ირკვევა, რომ კუნძულზე გამორიყულია 17 ტონა პლასტიკური ნარჩენი; თითოეულ პლაჟზე ყოველდღიურად 3570-ზე მეტი პლასტმასის ახალი ნარჩენი გამოირიყება. შედეგად, სრულიად დაუსახლებელი ჰენდერსონი, რომელიც თითქოს ბუნებრივი, ხელუხლებელი ატოლი უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია.

 

კუნძულის ლოკაცია მაგნიტივით იზიდავს მოტივტივე ნარჩენებს. საინტერესოა როგორ გროვდება აქ ნაგავი?

 

წყნარ ოკეანეში არის ჩრდილოეთ წყნაროკეანური სუბტროპიკული მორევი – მასშტაბური და წყნარი დინება, რომელიც საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს და რომელიც ჰაერის ტემპერატურის და ატმოსფერული წნევის ცვლილება იწვევს. ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უდაბნოა ოკეანეში: მართალია, აქ მრავლადაა ფიტოპლანქტონი, მაგრამ ძალიან ღარიბია თევზებითა და ძუძუწოვრებით.

 

მუდმივი შტილისა და სარეწაო ცხოველების არარსებობის გამო ეს ტერიტორია არც მეზღვაურებს იზიდავს – იშვიათად, რომ რომელიმე გემმა ეს ადგილი გადაკვეთოს. ეს იმიტომ, რომ პლანქტონის გარდა აქ მხოლოდ ნაგავია. ეს არის კოლოსალური ზომის ნაგავსაყრელი ჩვენს პლანეტაზე, სადაც მილიონობით ტონა ნაგავია დაგროვილი და რომელიც ნელა დრეიფობს წყნარი ოკეანის წყლებში.

 

დინებათა მორევმა ერთდროულად ორი ნაგვის გროვა წარმოქმნა, რომლებიც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ წყნაროკეანური ნაგვის მონაკვეთები, ხოლო ერთად ზოგჯერ დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელსაც უწოდებენ. ამ ტერიტორიის აღმოსავლეთი მონაკვეთი ჰავაის კუნძულებსა და კალიფორნიას შორის მდებარეობს და ფართობით 2-ჯერ აღემატება ტეხასის შტატს, ხოლო დასავლეთი ნაგავსაყრელი იაპონიის აღმოსავლეთითაა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მათ წარმოქმნაში მხოლოდ იაპონელები და ჰავაიელები არიან დამნაშავეები: დიდ წყნაროკეანურ ნაგავსაყრელს ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა ქმნის. ამ დინების სუბტროპიკული ზონები 6 ათას კილომეტრზე ვრცელდება და მთელ წყნარ ოკეანეში აგროვებს ნაგავს.

 

1950 წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს პოლიეთილენის პარკების, პლასტმასის ბოთლების, კონტეინერების გამოყენება, ამ გიგანტური ნაგავსაყრელის ფართობი ყოველ 10 წელიწადში ორმაგდება. უკანასკნელ წლებში ოკეანეში მცურავი ნაგვის მოცულობამ კატასტროფულად მოიმატა: როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, წყნარ ოკეანეში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 100-ჯერ გაიზარდა. ამჟამად ამ ტერიტორიის ფართობი რუსეთის ევროპული ნაწილის ფართობის ტოლია.

 

მსოფლიო ოკეანის ზედაპირზე მცურავი ნაგვის 90% პლასტმასაა. გაეროს მონაცემებით, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ოკეანის ყოველ კვადრატულ მილზე თითქმის 46 ათასი პლასტმასის ფრაგმენტი მოდიოდა. ზოგიერთ რაიონში კი პლასტმასის მასა 6-ჯერ აღემატება ბუნებრივი პლანქტონის მასას. ადამიანის მიერ ყოველწლიურად წარმოებული 300 მლნ ტონაზე მეტი პლასტმასის დაახლოებით 10% ოკეანეში ხვდება, ამ რაოდენობის 70% კი ოკეანის ფსკერზე გროვდება და იქაურ ეკოსისტემებს ანადგურებს. ნაგვის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ხილული და ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს.

 

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც ე.წ. „ნაგვის კუნძულების“ პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ გასაწმენდად მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მეცნიერთა აზრით, ასევე არარეალისტურად გამოიყურება ოკეანის გლობალური გაწმენდის პროექტიც, რაც ამავე დროს დამღუპველად იმოქმედებს პლანქტონზეც. მით უმეტეს, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია ნაგვის შეგროვება, რომელიც წყალში ათეულობით მეტრ სიღრმეზეა დაგროვილი. ამიტომ საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს კონტინენტზე ნაგვის გადამუშავებას, მით უმეტეს, რომ ოკეანეში დაგროვილი ნაგვის მხოლოდ 20% იყრება პირდაპირ წყალში, დანარჩენი მასა კი ხმელეთის წყლებს ჩააქვს.

 

ნაგვის შემცირებისა და მისი ალტერნატიული გამოყენების კარგი მაგალითია ჰოლანდიელების სურვილი, ააშენონ პლასტიკური კუნძული. მათ გამოყენებული ბოთლებისგან დასახლებული კუნძულის შექმნა სურთ და ამისთვის 44 მილიონი კილოგრამი პლასტმასის ნარჩენის გამოყენებას აპირებენ, რომელიც ამჟამად წყნარ ოკეანეს ანაგვიანებს. ხელოვნურად შექმნილ ობიექტს „უტილიზებულ კუნძულს“ დაარქმევენ. პროექტის ავტორები კუნძულის დიზაინს ვენეციის არხების მიხედვით ადგენენ.

 

ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ობიექტის ენერგომომარაგება ენერგიის განახლებადი წყაროების საშუალებით განხორციელდება. პროექტის ავტორები პლასტმასის უტილიზებას პირდაპირ ოკეანეში აპირებენ. ამ პროცესის შედეგად მიღებულ ტივტივა ბლოკებს კუნძულის ფუნდამენტად გამოიყენებენ.

 

მომავალი კუნძულის ფართობი დაახლოებით, 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. გარდა ქალაქისა, რომლის შექმნასაც ხელოვნურ ობიექტზე ვარაუდობენ, არქიტექტორები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის სპეციალური ზონის შექმნაზეც ფიქრობენ. ზომით კუნძული დაახლოებით ჰავაისხელა იქნება, ხოლო მოსახლეობა, სავარაუდოდ, 500 ათასს მიაღწევს.

 

 
წყარო: http://mastsavlebeli.ge

სასარგებლო ბმულები მასწავლებლებისთვის:

1)      ახალი სკოლის მოდელი https://www.youtube.com/watch?v=k3A_OuNZ7UQ&t=104s

2)      სოლო ტაქსონომია https://www.youtube.com/watch?v=8KGW7gGmLsY&t=44s

3)      კონსტრუქტივიზმის თეორია https://www.youtube.com/watch?v=p-KsbCbe9z8

4)      სამიზნე ცნებები https://www.youtube.com/watch?v=9Z5hgNNzR_s&t=17s

5)      საგნობრივი სტანდარტი გეოგრაფიაში https://www.youtube.com/watch?v=3eyvwW5mWdk&t=24s

6)      როგორ შევქმნათ კომპლექსური დავალების ბარათი https://www.youtube.com/watch?v=fDNv8sGsRfs&t=55s

7)      როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება https://www.youtube.com/watch?v=RUm8K42TAyk&t=74s

8)      როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება https://www.youtube.com/watch?v=UD_CPWA51jk&t=90s

9)      როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ თემატური მატრიცა https://www.youtube.com/watch?v=Bhd7tZ_Ge18&t=184s

10)  სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=Qz2foh-alIQ&t=119s

ანა ანუშიძე

2 ივლისი, 2021 წელი


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...