Sunday, December 6, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში, საკითხზე: სტიქიური უბედურებები

 კომპლექსური დავალების ბარათი გეოგრაფიაში

საკითხზე: სტიქიური უბედურებები


სამიზნე ცნება - გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი; გეოგრეაფიული მოვლენა და პროცესი; გეოგრაფიული გარსი;

შედეგები: გეო.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 9,

 

საკითხი - სტიქიური უბედურებები

ქვეცნებები - ხანძარი, ციკლონი, ქარბუქი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა, ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანი, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი;

საკვანძო შეკითხვა:

რა ფაქტორები განაპირობებენ სტიქიურ უბედურებას?

რა პრევენციული ღონისძებები უნდა განხორციელდეს ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით?

როგორ უნდა მოვიქცეთ მოცემული სტიქიური უბედურების დროს?

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სტიქიური უბედურების შემდეგ, მისი შემდგომი გამეორების თავიდან აცილების/ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით?

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, აარჩიერთი რომელიმე ერთი სტიქიური უბედურება  და მოამზადეთ 2 – 5 წუთიანი ვიდეორგოლი ან პლაკატი არჩეული სტიქიური უბედურების შესახებ.

 

ნათლად წარმოაჩინეთ:

სტიქიური უბედურების განმაპირობებელი ფაქტორები;

ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები;

მოცემული სტიქიური უბედურების დროს ქცევის წესები;

სტიქიური უბედურების შემდეგ, მისი შემდგომი გამეორების თავიდან აცილების/ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

შეავსეთ ცხრილი, სადაც ჩამოწერთ:

სტიქიური უბედურების განმაპირობებელ ფაქტორებს;

ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებს;

მოცემული სტიქიური უბედურების დროს ქცევის წესებს;

სტიქიური უბედურების შემდეგ, მისი შემდგომი გამეორების თავიდან აცილების/ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს;

 

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსის და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

სტიქიური უბედურება - ჩვენი ცხოვრების სამწუხარო რეალობაა.
ქვემოთ, ამ მოვლენის ზოგად დახასიათებასთან ერთად, მოგვყავს საქართველოში გავრცელებული სტიქიური უბედურებების აღწერა.



სტიქიური უბდურება არის ისეთი ბუნებრივი მოვლენა ან პროცესი, რომელიც იწვევს კატასტროფიულ სიტუციას, რომელიც თავის მხრივ ხასიათდება მოსახლეობისათვის ცხოვრების ჩვეული რითმის უეცარი დარღვევით, მატერიალურ ფასეულობათა ნგრევითა და განადგურებით, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და მათი დაღუპვით

ამრიგად, სტიქიური უბედურებ(-ები)- პირდაპირ კავშირშია ადამიანისათვის ზიანის მიყენებასთან და აღმოცენდება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთმანეთთან კავშირში


სტიქიური უბედურება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და განსხვავებული ხანგრძლივობით ხასიათდება . მათი ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წამისა და წუთიდან (მიწისძვრა, თოვლის ზვავის ჩამოწოლა) - რამდენიმე საათამდე (ღვარცოფი), რამდენიმე დღემდე (მეწყერი) და რამდენიმე თვემდე (წყალდიდობა).


მიწისძვრა

არის მიწისქვეშა ბიძგები და მიწის ზედაპირის რყევები, რომლებიც ქმნიან სეისმურ ტალღებს და ვითარდებიან დედამიწის ქერქში ენერგიის უეცარი გათავისუფლების შედეგად. მიწისძვრა ყველაზე ხშირად ვითარდება ტექტონიკური პროცესების შედეგად.
მიწისძვრის აღმოცენების ცენტრალურ წერტილს მიწის სიღრმეში მიწისძვრის კერა ანუ ჰიპოცენტრი ეწოდება, ხოლო კერის ზემოთ განლაგებულ დედამიწის ნაწილს - ეპიცენტრი.
თავად მიწისძვრა იშვიათად იწვევს ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვას, მსხვერპლის ძირითადი მიზეზი ამ დროს ხდება მეორადი მოვლენები: შენობების ნგრევა, ხანძარი, ცუნამი ( სეისმური ზღვის ტალღები) და ვულკანები.
მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების პრევენცია შესაძლებელია შენობების კონსტრუქციის გაუმჯობესებით, წინასწარი შეტყობინების სრულყოფისა და მოსახლეობის დროული ევაკუაციის გზით.

ღვარცოფი

ღვარცოფი არის მაღალი კონცენტრაციის წყალგრუნტოვანი ნაკადის მოძრაობა მდინარის ან ხრამის კალაპოტში, რაც განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, მყინვარების ძლიერი დნობით, ხანგრძლივი და თავსხმა წვიმებით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით. მის აღმოცენებაში გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა, გახდეს მთიან ადგილებში ტყეების გაჩეხვა - ხის ფესვებს უჭირავს ნიადაგის ზედაპირი, რაც ღვარცოფის წარმოქმნას ხელს უშლის.
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერებისა და გათხევადების პირობებში, გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადად, რომელიც ჩვეულებრივი წყალმოვარდნისგან განსხვავდება უფრო დიდი ხარჯით, მოძრაობის დიდი სიჩქარით, მყარი ჩამონადენის დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივით და შესაბამისად, დარტყმის განსაკუთრებული სიძლიერით. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს და აზიანებს შენობებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.

მეწყერი

მეწყერი არის მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად წარმოიქმნება იქ, სადაც წყალშემაკავებელი ( თიხოვანი) და წყლიანი ( მაგ.: ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყრის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან ზედმეტი დატენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად.

ზვავი

ზვავი - მთის ფერდობზე სწრაფად მოძრავი თოვლის მასაა. ზვავში თოვლის მოცულობამ შესაძლოა, რამდენიმე მილიონ კუბურ მეტრს მიაღწიოს.

იგი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა და უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოწოლას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: როცა თოვლის საფარის სისქე აღემატება 20 სმ.-ს; მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე.ზვავსაშიში პერიოდი - ძირითადად, ზამთრის თვეებია ,თუმცა საშიშია გაზაფხულისა და ზაფხულის თბილი თვეებიც, როცა მზისა და ქარის ზემოქმედებით თოვლის მასის ზედაპირზე წარმოიქმნება მოცულობაში მზარდი ყინულის ქერქი, ე. წ. „თოვლის დაფა“, რომლის ქვეშ ხდება თოვლის მასის გარდაქმნა ხორხოშელებად, რომლის მასიური ზედაპირი იწყებს მოძრაობას.
ზვავი საკმაოდ საშიშია ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ალპინისტების, მოთხილამურეებისა და სნოუბორდინგის მოყვარულთათვის, ასევე მატერიალური ღირებულებების განადგურების თვალსაზრისით. ზვავში მოყოლილი ადამიანი იღუპება ასფიქსიის ან ძვლების მოტეხილობით გამოწვეული შოკის გამო, ან თოვლის დიდი მასის მცირე ან არარსებული ჰაერგამტარიანობის გამო, რაც ორგანიზმის „ჟანგბადოვანი“ შიმშილისა და მოგუდვის მიზეზი ხდება. გარდა ამისა, ზვავმა შესაძლოა, ადამიანი ფერდობიდან გადმოაგდოს, რაც სიკვდილით დამთავრდეს. თოვლის დიდი მასა პრაქტიკულად არ ატარებს ბგერას. ამიტომ ზვავში მოყოლილი ადამიანი პრაქტიკულად განწირულია, რადგან მისი ყვირილი შველის სათხოვნელად მაშველების ყურამდე ვერ აღწევს .

წყალდიდობა

მდინარეების, ზღვების, ტბების წყლის დონის უეცარი მატებაა, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და ხშირად მათი დაღუპვის მიზეზიც ხდება. იგი ასევე ანადგურებს მატერიალურ ღირებულებებს.

ტყის ხანძარი

ტყის ხანძარი ჩნდება ბუნებრივი და ანთროპოლოგიური მიზეზებით. ბუნებრივი მიზეზებია - ელვა და გვალვა, ანთრიპოლოგიური კი - ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება. 

ციკლონი

ციკლონი - დაბალი ატმოსფერული წნევის არეა, რომლის ცენტრში ატმოსფერული წნევა მინიმალურია, პერიფერიისკენ - მაღალი. დამახასიათებელია ატმოსფერული აღრევა - ჰაერის გრიგალური ბრუნვა. ამ დროს წარმოიქმნება ჰაერის აღმავალი დინება, რაცა ხელს უწყობს ღრუბლების გაჩენას და კატასტროფულად უხვი ნალექის მოსვლას. ციკლონები საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავენ ( რამდენიმე ასეული კვ.კმ.-დან 2-3 ათას კვ.კმ.-მდე). ციკლონის დროს ქარის სიჩქარე წმ.-ში 70-100 მ.- ს აღწევს. ასეთი გრიგალისა და უხვნალექიანობის გამო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლისათვის.

ქარბუქი

ქარბუქი - არის ძლიერი ქარის მიერ თოვლის გადატანა ნიადაგის ზედაპირიდან ან თოვლის საბურველიდან. დანგრეული შენობები, ელექტორგაყვანილობის გაწყვეტილი ხაზები, ჰაერში მფრინავი ავტომობილები და ცხოველები, დაჭრილი სა გაყინული ადამიანები - ყოველივე ეს შესაძლოა, მოჰყვეს ამ მძვინვარე სტიქიას.

სეტყვა

სეტყვა - ატმოსფერული ნალექია, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის ( 5-55 მმ.; იშვიათად 130 მმ.-მდე) სფერული ნაწილაკების ან ნატეხებისგან. სეტყვა ჩვეულებრივ, ელჭექისა და თავსხმა წვიმების თანხმლები მოვლენაა, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში. სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან.
სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას.
სეტყვა არანაკლებ საშიშია ადამიანებისთვის, რადგან მას სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია.

გვალვა

გვალვა - ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და დაბალი სინოტივის დროს ატმოსფერული ნალექების ხანგრძლივი და საგრძნობი უკმარისობაა, რის შედეგად ნიადაგში ტენის მარაგი ილევა და მოსავალი მცირდება ან იღუპება. გარდა ამისა, ხანგრძლივმა გვალვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტყისა და ტორფული ხანძრები, რაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
გვალვასთან ბრძოლის ეფექტურ შედეგს იძლევა აგროტექნიკური და სამელიორაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგის წყალშთანთქმისა და წყალშეკავების უნარის გაძლიერებას და მინდვრებზე თოვლის შეკავებას, სარწყავი სისტემის რეანიმაციას.


  წყარო: http://mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...