Monday, December 7, 2020

კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო" - საკითხი: თბილისის ისტორია

 კომპლექსური დავალების ბარათი საგანში "ჩვენი საქართველო" 

საკითხი: თბილისის ისტორია


სამიზნე ცნება - დრო, სივრცე და ცვალებადობა

შედეგები: საზ.მეც.დაწყ.1,2, 3, 4, 5;

 

საკითხი - თბილისის ისტორია

ქვეცნებები - დედაქალაქი, ქალაქი, დასახლებული პუნქტი, საზღვარი, ისტორიული ძეგლი.

საკვანძო შეკითხვა:

როგორ დაარსდა თბილისი? როგორ იქცა იგი საქართველოს დედაქალაქად? როგორი იერსახე ჰქონდა მას ისტორიულ წარსულში?

როგორ აისახება ომისა და მშვიდობის შედეგები (მაგ.: ისტორიული ნანგრევები, საზღვრების ცვლილება, მოსახლეობის ცვლილება) თბილისის ისტორიასა და ყოფაზე?

რას და როგორ მოგვითხრობს შემორჩენილი ძეგლები თბილისის ისტორიაზე (მაგ.: ნარიყალა, მეტეხი?)

კომპლექსური დავალების პირობა

წაიკითხეთ რესურსი, მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე: „თბილისის ისტორია“

·         ნათლად წარმოაჩინეთ:

·         თბილისის დაარსება;

·         თბილისის საქართველოს დედაქალაქად ქცევა;

·         თბილისის ისტორიული იერსახე;

·         ომისა და მშვიდობის შედეგები თბილისისთვის;

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

რვეულში ჩამოწერეთ:

1)      ნათლად წარმოაჩინეთ:

2)      თბილისის დაარსება;

3)      თბილისის საქართველოს დედაქალაქად ქცევა;

4)      თბილისის ისტორიული იერსახე;

5)      ომისა და მშვიდობის შედეგები თბილისისთვის;

წარმოადგინეთ თქვენი კვლევის ეტაპები.

 

პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის:

  • გაეცანით რესურსს და კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე მოახდინეთ მისი მოდიფიცირება.
  • კომპლექსური დავალების პირობა გააცანით მოსწავლეებს.
  • დაუანონსეთ მოსწავლეებს  საკითხი და პროდუქტი, რომელიც უნდა შექმნან კომპლექსური დავალების ფარგლებში.
  • გააცანით მოსწავლეებს რესურსი.
  • საკითხზე მუშაობის პროცესში მოიფიქრეთ და განახორციელეთ აქტივობები შემდეგი  ქვეცნებების და საკითხთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხის დამუშავებისთვის.
  • თითოეული აქტივობა, რომელსაც განახორციელებთ კომპლექსური დავალების ფარგლებში, დაუკავშირეთ კომპლექსური დავალების მიზანს და გაითვალისწინეთ, რომ თითოეული აქტივობა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს კომპლექსური დავალების პროდუქტის შექმნაში.
  • კომპლექსური დავალების შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით, SOLO ტაქსონომიით.

თბილისის ისტორია

 


თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან - დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი - ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას - ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.


იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე - სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.


დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.

 

მე - 4 საუკუნე


თბილისში მკვირდება სპარსთა პიტიახში. იგი უპირისპირდება ქართლის სამეფო კარს მცხეთაში. ამ დროს თბილისზე უკვე გადის საქართველოს უძველეს მხარეთა დამაკავშირებელი გზები: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და თრიალეთ-ჯავახეთი თბილისის გავლით უკავშირდებოან ერთმანეთს. თბილისი ჯერ არ არის საქართველოს დედაქალაქი, მაგრამ უკვე იძენს უმნიშვნელოვანესი გზასაყარის ფუნქციას. ვითარდება სამოსახლო დელისის ტერიტორიაზე. ქალაქის უძველეს ნაწილში IV საუკუნიდანვე იკვეთება „კალა“ (დედა- ციხე).

 

მე - 5 საუკუნე

 


V საუკუნე - მეფე ვახტან გორგასალს ქართლის დედაქალაქი გადმოაქვს მცხეთიდან - თბილისში. თბილისი ხდება ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და სატახტო ქალაქი. მცხეთა რჩება საკათოლიკოსო ქალაქად. ვახტან გორგასალი იწყებს თბილისის ზღუდის მშენებლობას. ხოლო მისმა ძემ, დაჩი-უჯარმელმა განავრცო ქალაქი და „განასრულა ზღუდენი ტფილისისანი“.

ლეგენდის თანახმად, „თბილისის“ ფუძე მომდინარეობს „თბილიდან“ - სამეფო ნადირობისას, შველი დაჭრილა, ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. სხვა ვარიანტით, სამეფო მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაფუფქულან. ესე ამბავი კი ისტორიულ აბანოთუბანში მომხდარა.

 

მე - 6 საუკუნე

 

ირანელთა მიერ მეფობის გაუქმება. თბილისში მკვიდრდება სპარსეთის შაჰის მარზპანი. თუმცა, იმავდროულად არსებობს ადგილობრივ აზნაურთა ხელისუფლება „ქართლის ერისმთავრის“ სახით.

 

მე- 7 საუკუნე

 

ქალაქი იზრდება მტკვრის აღმა, ჩრდილოეთით და ვრცელდება დღევანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდამდე.

627-629 წლები - თბილისს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა შემოუტიეს, ქალაქი დაიპყრეს და უმოწყალოდ გაძარცვეს.

 

მე - 8 საუკუნე

 

თბილისი რჩება მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ძველ საზღვრებში, დინების გაყოლებით - ორთაჭალის ბაღებამდე.

786 წ. - აბო თბილელის წამება. ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა არაბმა, რომელიც სარკინოზებთან ერთად მოვიდა საქართველოში, შეიყვარა თბილისი, ისწავლა ქართული და მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. აბო თბილელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი და ნამდვილი თბილისელია, რომელიც განასახიერებას ჩვენი ქალაქის ტოლერანტულ ბუნებას

764 წ. - თბილისის დარბევა ხაზართა მიერ

735წ. - მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, თბილისში არაბთა ამირა მკვიდრდება, რომელიც ხალიფას ემორჩილება. თბილისს ხარკი უმძიმდება, იწყება ქრისტიანთა დევნა, თუმცა თბილისი ინარჩუნებს ქართლის კულტურული ცენტრის როლს

 

მე - 9 საუკუნე

 

ხალიფატი იშლება, თბილისის ამირები იწყებენ განდგომას და აღარ უგზავნიან ხარკს ხალიფას.

853 წ. -  ურჩი ამირა საჰაკის დასასჯელად თბილისში „ზღვის ვეშაპად“ წოდებული ბუღა თურქი შემოდის. საჰაკს კლავენ, თბილისი იწვის.

 

მე- 9 -  და  მე - 11 საუკუნე

 

თბილისი ფართოვდება ისანის (ავლაბარის) ხარჯზე.

 

მე- 11 საუკუნე


თურქ სელჩუკთა იმპერიის დასუსტება.

1089 წ. - დავით აღმაშენებლის გამოსვლა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ასპარეზზე.

1068 წ. - თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ არსლანის შემოსევა

1045 წ. - თბილისში ძალაუფლება წარჩინებულთა - უხუცესთა საბჭოს („ბერების“) ხელში გადადის

 

მე - 11 მე- 12 საუკუნე


თბილისის ტერიტორია ფართოვდება. გადაილახა ციტადელის გარშემო არსებული ზღუდეები. ქალაქის ზრდა ირგვლივ მდებარე რეგიონთა ხარჯზე ხდება. დასავლეთით, მტკვრის აღმა, ქალაქი მდინარე ვერემდე განივრცო, ხოლო უძველესი „ლურჯი მონასტერი“ მის ფარგლებში მოექცა.

 

მე - 12 საუკუნე

 

თბილისი საქართველოსა და მთელი კავკასიის კულტურული ცენტრია. იწყება თამარ მეფის ეპოქა - საქართველოს ოქროს ხანა. დედაქალაქში კვლავინდებურად პატივს სცემენ სხვათა სარწმუნოებას. სხვა „ენათა“, ისევე, როგორც მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს . . . თბილისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ზეობს „ვეფხისტყაოსნის კულტურა“, მისი რაინდული სულისკვეთებით.

1122 წ. - დავით მეფემ „პირველსავე ომსა“ აიღო თბილისი და ქართლის ყოფილი დედაქალაქი თავის ძველ უფლებებში აღადგინა. თბილისი კვლავ ხდება გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქი. დავით აღმაშენებელი პატივს სცემს თბილისის ღირებულებებს და განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა მუსლიმური რელიგიის მიმდევრებს. რჯულის შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება. თბილისის მოსახლეობა 80 000 კაცს აღწევს. ვითარდება ვაჭრობა და ხელოსნობა, იქმნება ამქრები, არსდება თბილისის მოქალაქის ცნება. ქალაქი იზრდება ქაშვეთის ეკლესიამდე და ლურჯ მონასტრამდე. დიდუბე უკვე გარეუბანია. სამეფო სასახლე ისნის ციხეში ფუძნდება

 

მე - 13 საუკუნე

 

1259 წ. - თბილისელთა აჯანყება მონღოლთა ურდოს წინააღმდეგ მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით

1226 წ. - ხორეზმშაჰის მემკვიდრე ჯალალ ედ დინი იპყრობს თბილისს. ქალაქი იძარცვება. ხორეზმელებს ცვლიან მონღოლები. თბილისს ეკისრება უმძიმესი ხარკი. ხელოსნები და ვაჭრები გარბიან ქალაქიდან. განადგურებულან ვაჭარ-ხელოსნები ძველი თბილისის ორთაჭალის უბანში. მონღოლები ხელს უწყობენ დამღუპველ ორმეფობას, აჩქარებენ ერისთავთა გამთავრების პროცესს, რაც თბილისსაც ეხება, აცალკევებენ სამცხეს, რითაც პირველ ბზარს უჩენენ თბილისის დედაქალაქობას.

 

მე - 14 საუკუნე

 

1386 წ. - თემურ ლენგის ურდოები იპყრობენ თბილისს. „იავარჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხეს მას შინა“ (ნარიყალა, მეტეხი). თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში.

1366 წ - თბილისში, ისევე როგორც ევროპის ბევრ დედაქალაქში, მძვინვარებს შავი ჭირის ეპიდემია

 

მე - 15 საუკუნე

 

საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი ხდება.

1453 წ. - ოსმალები იღებენ და იკლებენ კონსტანტინეპოლს

1444 წ. - ქალაქის დარბევა თავრიზის მფლობელ ჯაჰან-შაჰის მიერ

1412 წ. - მეფე ალექსანდრე I დიდი იწყებს იავარქმნილი ქალაქის აღდგენას.

 

მე - 16 საუკუნე

ირანში ყიზილბაშები ბატონდებიან

1578 წ. - თბილისს ოსმალები იპყრობენ. საქართველოს დედაქალქი საჰაშოდ ცხადდება. ქართველები მალევე იბრუნებენ ქალაქს, მაგრამ თბილისის მოსახლეობა XII საუკუნესთან შედარებით უკვე ხუთჯერ ნაკლებია.

1578 წ. -  ჩილდირის ბრძოლაში ოსმალების გამარჯვების შემდეგ, აღმოსავლეთ ამიერკავკასია ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. ქართლის მეფე სიმონ I-ი გმირულად, თუმცა უშედეგოდ ცდილობს დაიხსნას ქალაქი დამპყრობლისაგან

1541 წ. - ქალაქი კვლავ ააოხრა ირანის შაჰ — თამაზ I-მა.

1524 წ. - ქალაქის გათავისუფლება მეფე დავით X-ს ძალისხმევით

1522 წ. - ირანის შაჰ ისმაილი აოხრებს თბილისს. ეკლესიები იძარცვება, ქალაქის ციხეებში კი სპარსული გარნიზონი დგება

 

მე - 17 საუკუნე

 

1658-1675 წლები - ვახტანგ V შაჰ-ნავაზის მეფობა. განახლდა თავდაცვითი ზღუდეები ანჩისხატისა და სიონის ეკლესიებს შორის, მტკვრის სანაპიროზე შენდება მეფის ულამაზესი სასახლე. ამ დროს თბილისი „აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია“ (შარდენი)

1633 წ. - ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი კომპლემენტარული პოლიტიკით, როსტომმა შეძლო მშვიდობის მოპოვება, რაც უმალვე დაეტყო ქალაქს - იწყება თბილისის აღორძინება.

1619 წ. - ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი კომპლემენტარული პოლიტიკით, როსტომმა შეძლო მშვიდობის მოპოვება, რაც უმალვე დაეტყო ქალაქს - იწყება თბილისის აღორძინება

 

მე - 18 საუკუნე

 

1700-1799 წლები - მეფე ვახტანგ მეექვსის აღმშენებლობითი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ვითარდება საქალაქო ცხოვრება, უმჯობესდება სავაჭრო-საქარავნო გზები, მსხვილი სარეწები, ფუძნდება სტამბა, სამეფო ზარაფხანა, უმჯობესდება ქალაქის კეთილმოწობა. სიონის ახლოს არსდება წიგნსაცავი, ჩნდებიან სახელმწიფო სკოლები.

1799 წ. - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ განახლება გიორგი XII გადაწყვეტილებით

1798 წ. - ერეკლე II გარდაცვალება

1795 წ. - თბილისის აოხრება აღა მაჰმად ხანის მიერ. 15 000 თბილისელის გადასახლება ირანში. ქალაქის მოსახლეობა ნახევრდება.

1755 წ. - დაარსდა ფილოსოფიური სემინარია. თბილისის ერთგული შვილები არიან სომეხი პოეტი საიათნოვა, აზერბაიჯანელი ვაგიფი, ვიდადი . . .

1748 წ. - ლეგენდარული „პატარა კახის“ - ერეკლე მეორის ხელშეწყობით, თბილისი იბრუნებს კულტურული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. ქალაქს ეხსნება სპარსელთა ნაშენები ქვითკირის გალავანი, რომელიც მიჯნავდა ციხის ტერიტორიას ციხის მოედნისაგან. აღდგა ქალაქის ტერიტორიის ერთიანობა. გაიხსნა ჩაკეტილი დარიალის გზა, განმტკიცდა სააღებმიცემო კავშირი რუსეთთან, გაფართოვდა ვაჭრობა ირანთან და თურქეთთან. მრავლდება დიდი საწარმოების რაოდენობა- ზარბაზნებისა და მინის წარმოებანი, მარილსახდელი, სამღებროები. . . მოსახლეობა 24 ათასამდე გაიზარდა.

1735 წ. - თბილისი ისევ ირანელთა ხელშია. შაჰ ნადირის შემოსევა

1732 წ. - სამშობლოს მოღალატე, კახთა მეფე კონსტანტინე (მაჰმუდი) აოხრებს თბილისს ლეკთა მეშვეობით. ქალაქში კვლავ ოსმალები ბატონდებიან.

1723 წ - თბილისის დაპყრობა ოსმალთა მიერ

 

მე - 19 საუკუნე

 

1883 წ. - თბილისი - ბათუმისა და თბილისი-ბაქოს სარკინიგზო ხაზების გაყვანა

1872 წ. - თბილისი- ფოთის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება

1850 წ. - აღდგა ქართული თეატრი თბილისში

1828 წ. - გამოდის გაზეთი „თბილისის უწყებანი“ ქართულ და რუსულ ენაზე.

1819 წ. - თბილისში გამოიცა საქართველოს გაზეთი - პირველი პერიოდული გამოცემა.

1801 წ. - რუსეთის იმპერიის მიერ თბილისის ანექსია. თბილისი კავკასიის იმპერიული ცენტრი ხდება. აქ განლაგდა კავკასიის არმიის სარდლობა. ქალაქი იზრდება, შენდება, მატულობს ევროპული შენობების ოდენობა.

 

მე - 20 საუკუნე


1991-1992 წწ. სამოქალაქო ომი თბილისში

1991-1992 წწ მიჯნა - სამოქალაქო ომი თბილისში. ქვეყნის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ტოვებს დედაქალაქს

1989 წ 9 აპრილი - საქართველოს გათავისუფლების მოთხოვნით წამოწყებული მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევა სსრკ შინაგანი ჯარებისა და სადესანტო ქვედანაყოფთა ძალებით

1956 წ 9 მარტი - ეროვნული ღირსების დასაცავად გამართული მშვიდობიანი მანიფესტაციის უმოწყალოდ დახვრეტა საბჭოთა ჯარების მიერ

1937 წ. - სტალინური რეპრესიების სასტიკი ტალღა

1924 წ. - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეთა დაპატიმრება-დახვრეტები თბილისში

1921 წ. - კოჯორთან და ტაბახმელასთან იუნკერთა გმირობის მიუხედავად, ქალაქში შემოდიან წითელი არმიის ნაწილები.

1918 წ. - თბილისი ამიერკავკასიის ფედერაციის დედაქალაქია. 26 მაისს ქვეყნდება საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამავე წელს არსდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

21- ე საუკუნე

 

2012 წ. 1 ოქტომბერი - საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება იცვლება დემოკრატიული გზით - არჩევნების შედეგად.

2003 წ 23 ნოემბერი - „ვარდების რევოლუცია“

 

წყარო: თბილისის მერიის ვებ გვერდი  http://www.tbilisi.gov.ge/pages/history


No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...