Wednesday, November 25, 2020

ჩენი საქართველო - თბილისი - რესურსები

 ჩვენი საქართველო - თბილისი - რესურსები


ქვემოთ მოცემულია რესურსები, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სწავლა - სწავლების პროცესში ჩვენი საქართველოს, ასევე გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლებს.

გეოგრაფიული მონაცემები

 

საქართველოს დედაქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, „თბილისის ქვაბულში“. იგი განფენილია მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 380-600 მეტრია. ჩრდილოეთით თბილისს ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთ

გეოგრაფია და ბუნება

 

მთისწინეთი, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი. დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები.

დედაქალაქის ფართობი 502 კვადრატული კილომეტრია. ქალაქის მთავარი წყლის არტერიაა მტკვარი, რომელიც თბილისს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ხშირია  წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში;  წყალმცირობა — ზამთარში. მტკვრის შენაკადებია: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღვის დონიდან 425 მ (დიღომი) - 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ესოდენ ამშვენებს დედაქალაქს, ზღვის დონიდან. 719 მეტრზეა.  საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა  „ნუცუბიძის პლატო“, რომელიც ზღვის დონიდან  700 მ-ზე მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდინარე მტკვარი თბილისს ორ მკაფიოდ გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.  მტკვრის მარცხენა ნაპირზე  მდებარეობს მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.  თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.

 

წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9

კლიმატი

 

თბილისში ზომიერად თბილი, სტეპურიდან - ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C;

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილო -დასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.

 

წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9

 ტურისტულ - რეკრეაციული ობიექტები

9 აპრილის სახელობის ბაღი

ყოფ. ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილი, კომუნარების ბაღი, ბაღი თბილისის ცენტრალურ ნაწილში; ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკი. გაშლილია დამრეცი რელიეფის ორ დონეზე, რუსთაველის გამზირის ჩრდილო-აღმოსავლეთით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ამჟამად ბაღს ორ ნაწილად ჰყოფს რ. თაბუკაშვილის ქუჩა, ქვედა ნაწილი გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს. დღეს ბაღის ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე გამავალი ორი შენობა დგას — ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია და ეროვნული გალერეა, რომელიც 1885 წ. აშენდა როგორც სამხედრო-ისტორიული მუზეუმი „დიდების ტაძარი“

 

ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნშიშეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1] ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

 

მუშტაიდის ბაღი

მუშტაიდის ბაღი გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ, რომელიც ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. გადმოცემით, მუჯთაჰიდმა დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სერინობები, გამოფენები, სპექტაკლები. 1935 წელს ამოქმედდა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა[1]. ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის, ძელქვის კორომი.

 

მზიური

მზიური — ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. გაიხსნა 1982 წელს. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.

 

პუშკინის სკვერი

თავისუფლების მოედანზე მდებარე ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და კეთილმოწყობილი სკვერია თბილისში. მას მცირე ფართი უკავია და ქალაქის შუაგულში სიმშვიდის კუნძულივითაა ამოზრდილი. მის ცენტრში მდებარე შადრევნის წყლის კასკადი ღამით ფერადი ნათურების შუქით სხვადასხვაფრად ,,იღებება,” რაც სკვერს კიდევ უფრო მეტად ალამაზებს. დასვენებისა და განტვირთვის გარდა პუშკინის სახელობის სკვერში მოქმედი wi-fi (უსადენო) ინტერნეტი სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსების საშუალებას იძლევა. ახლა უკვე შესაძლებელია ქალაქიდან გაუსვლელად მშვიდ გარემოში განმარტოვება და ამავდრულად, საქმის კეთებაც.

 

რიყე

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი). გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები) მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა

 

ვაკის პარკი

ვაკის პარკი — თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე მდებარე პარკი. გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი. ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები. ვაკის პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება

 

მთაწმინდა

მთაწმინდა, პლატო, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში). მისი სიმაღლე 770 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით. გადმოცემით მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას – დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო ი. ბ. სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზეა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

 

ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა.

 

ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე. ის პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1973 წელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძლის ბაზაზე კვლავ შეიქმნა. თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე, რომლებიც განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე, ზ.დ 600-1 700 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 23 218,28 ჰა. შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1385 მეტრზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.

 

დინამო არენა

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა, მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი (უფროსი)). 1955-1956 წწ განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა დაუეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა. 1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია. 2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. 2015 წელს ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი უეფა-ს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

 

მიხეილ მესხის სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 1952 წელს იური კასრაძის პროექტით 26 ათასიანი ტევადობით აშენდა. 1960წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები – თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა. 2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.

 

თბილისის წყალსაცავი

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის,ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

 

კუს ტბა

კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.

 

ლისის ტბა

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთით. წყლის სარკის ფართობი 0,47 კმ2, აუზის ფართობი 16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 4 მ, მოცულობა 1,22 მლნ. მ3. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.

 

წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9

ხელოვნება და კულტურა        

 

თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო,პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.

ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების მაქსიმალური კონცენტრაცია თბილისში ხდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას დედაქალაქში კულტურის სტრატეგიის, კულტურული განვითარების ზუსტი  და დახვეწილი გზებისა და ფორმების განსაზღვრა. ამისათვის თბილისი უმდიდრეს მასალას იძლევა, ერთის მხრივ, უზარმაზარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, მეორეს მხრივ კი თანამედროვე  ურბანული კულტურის განვითარებით, რომლის გაჩენაც, გარკვეულწილად, საზოგადოების მოთხოვნისა და არსებული რეალობიდან გამომდინარე მოხდა. ამასთან ერთად,  დედაქალაქის კულტურის პოლიტიკის ტენდენციების განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თბილისი არაერთი კულტურის თავშესაყარი — მულტიკულტურული ქალაქია და ამასთან, ერთ მთლიან კულტურულ სივრცეს წარმოადგენს.
დედაქალაქის ხელისუფლების მიერ კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა ზემოხსენებულ ფაქტორთა გათვალისწინებით ხდება.

 

წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9

თბილისის სიმბოლიკა

 

ქალაქ თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა - თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლებით.
გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია ქალაქ თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლთა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია.
თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე. (ასმ-110) ავტორი ემირ ბურჯანაძე.

 

ქალაქ თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული “თან” ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს. გერბის ზემო ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო – მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირშიც იქმნება ჯვრისებური ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურად ჩაწერილია “თბილისი”.


გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა.
თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის 15-1 გადაწყვეტილება. ავტორი ემირ ბურჯანაძე.

 

თბილისის სიმბოლური გასაღები, როგორც გასაღების ზოგადად მიღებული ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან: გვირგვინი, ღერო და გასაღების ენა. გვირგვინი წარმოადგენს ორი მშვილდისებური, ტრაპეციული კვეთის შეპირაპირებულ ფორმას, რომლის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა “თბილისი”. ქვემო ნაწილში კი ორივე მხარეს დაძერწილია მუხის რტო. მშვილდისებური ფორმების შეერთებისას პლასტიკური ნაკეცები ორივე მხარეს ქმნიან ისრის გამოსახულებას. გვირგვინის ცენტრალური კომპოზიცია გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის თემას ხოხობისა და მიმინოს რელიეფური გამოსახულებით. მთლიანად გვირგვინი ეყრდნობა ღეროს, რომლის თავი ბროწეულის (სიმრავლის სიმბოლო) ფორმისაა. გასაღების ღერო “თბილისური აივნის” რიკულს მოგვაგონებს და მთავრდება სიმეტრიულად შეწყვილებული ფრთისებური ენით. ავტორი ემირ ბურჯანაძე.

წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9

 

 ისტორია

თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან - დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი - ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას - ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე - სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.
დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.
გადავავლოთ თვალი თბილისის ისტორიას:


წყარო: თბილისის მერიის ვებ-გვერდი http://tbilisi.gov.ge/page/9


 



No comments:

Post a Comment

კომპლექსური დავალების ბარათი, სამოქალაქო განათლება, საბაზო საფეხური

საგანი: სამოქალაქო განათლება თემა: ინდივიდი და საზოგადოება (თემატური ბლოკი)                სამიზნე ცნება - სოციალიზაცია ...